მენოპაუზა გულისხმობს უკანასკნელ მენსტრუაციას. პრემენოპაუზა არის 1 წლიანი პერიოდი მენოპაუზამდე, პოსტმენოპაუზა პერიოდი ბოლო მენსტრუაციის შემდეგ. 2010 წლიდან მოწოდებულია განახლებული კლასიფიკაცია, რომლის მიხედვითაც ქალის ცხოვრება იყოფა რამდენიიმე ეტაპად:
რეპროდუქციული – 15-დან 49 წლამდე; ტრანზიტული, რომელიც მოიცავს პრემენოპაუზის და პერიმენოპაუზის პერიოდებს; საკუთრივ მენოპაუზა – უკანასკნელი მენსტრუაცია; პოსტმენოპაუზა. კლიმაქსი ბერძნული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს კიბეს, საფეხურს, ანუ ეს არის ნებისმიერი ქალის ცხოვრებაში საფეხური რეპროდუქციული ასაკიდან სიბერემდე. ამ დროს ორგანიზმში იწყება მნიშვნელოვანი ჰორმონული ცვლილებები. საკვერცხე არის ქალის სასქესო ჯირკვალი, რომელიც გამოიმუშავებს ორ მნიშვნელოვან სასქესო ჰორმონს – ესტროგენსა და პროგესტერონს. ესტროგენები მონაწილეობენ ნორმალური, რეგულარული მენსტრუაციული ციკლის ჩამოყალიბებაში, ქალის გარეთა სასქესო ნიშნების და ზოგადად ნორმალურ სქესობრივ განვითარებაში. პროგესტერონი კი სინთეზირდება საკვერცხეში ე.წ. ყვითელი სხეულის მიერ და ასევე მონაწილეობს მენსტრუაციული ციკლის რეგულაციაში. ტრანზიტულ პერიოდში, პირველ რიგში, ხდება პროგესტერონის სინთეზის შემცირება, შემდეგ კი – ესტროგენის და ის ნიშნები, რაც კლიმაქსური სინდრომისთვისაა დამახასიათებელი, სწორედ, ესტროგენის დეფიციტთანაა დაკავშირებული.კლიმაქსური სინდრომის სიმპტომებია: ალები, ოფლიანობა, შფოთვა, ფორიაქი, უძილობა, გაღიზიანებადობა, საშოს სიმშრალე, სხვადასხვა მოტე,ხილობა (უხშირესად ბარძაყის ძვლის) რაც გამოწვეულია ოსტეოპენიით ან ოსტეოპოროზით. მკურნალობისთვის ოქროს სტანდარტადაა მიჩნეული მენოპაუზური ჰორმონოთერპია, ანუ ნატურალური ესტროგენების შემცველი პრეპარატების გამოყენება, თუმცა, მათ დანიშვნა უნდა მოხდეს სიფრთხილით, რადგან არსებობს გარკვეული რისკი სარძევე ჯირკვალზე, ამიტომ მათ მიღებამდე აუცილებელია ქალის სრულფასოვანი გამოკვლევა, რაც მოიცავს სარძევე ჯირკვლების გამოკვლევას, საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელისა და საკვერცხეების მდგომარეობის შეფასებას, ასევე სისხლის კოაგულოლოგიურ, ანუ სისხლის შემადებებელი სისტემის შეფასებას. მედიკამენტების პარალელურად, არსებობს მცენარეული პრეპარატებიც, რომლებსაც აქვთ ესტროგენული ეფექტები, ისინი მოქმედებენ ესტროგენების რეცეპტორებზე, ხასიათდებიან გაცილებით ნაკლები გვერდითი ეფექტებით და მნიშვნელოვნად ამსუბუქებენ კლიმაქსურ სიმპტომებს.
მენოპაუზურ პერიოდის რა ეტაპზეა რეკომენდებული რეპროდუქტოლოგ-გინეკოლოგთან მიმართვა, ნორმალურია თუ არა ალები, უნდა მოითმინოს თუ არა ქალმა ალები და კლიმაქსური სინდრომის სხვა გამოვლინებები, დაკავშირებულია თუ არა ხასიათის ცვლილებები მენოპაუზასთან, რა არის ატროფიული ვაგინიტი, რომელიც იწვევს სერიოზულ დისკომფორტს გენიტალიების არეში და როგორ ვუმკურნალოთ მას, არის თუ არა დაკავშირებული ალცჰეიმერის დაავადება და/ან დემენცია პოსტმენოპაუზასთან და შესაძლებელია თუ არა მათი თავიდან აცილება მენოპაუზური პერიოდის სწორი მართვით – ეს არის კითხვები, რომლებიც აწუხებს ქალების უმრავლესობას. აღნიშნულ საკითხებზე ქალების ინფორმირება მეტად მნიშვნელოვანია, რომ დაიგეგმოს დროული ვიზიტი ექიმთან, შეირჩეს სათანადო მკურნალობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში პოსტმენოპაუზასთან დაკავშირებული გართულებები.