პროფესორ არჩილ ხომასურიძის გამოსამშვიდობებელი სიტყვა:

„ღმერთო ჩემო – ჩვენთან აღარ არის საყვარელი პატრიარქი! ძალიან ძნელია ამის დაჯერება. გლოვობს არა მარტო საქართველო, არამედ ყველა, ვისაც თუნდაც მცირეოდენი შეხება ჰქონდა მის უწმინდესობასთან…

დიახ, ჩვენი სულიერი მამა მართლაც იყო უწმინდესი და უნეტარესი ქმნილება ღმერთისა და მრევლის წინაშე. მისი ყველა დადებითი თვისებიდან, ჩემი აზრით, გამოირჩეოდა თანდაყოლილი, უმაღლესი დონის ნიჭი და გონებისუნარიანობა.

მე ღმერთმა დამაჯილდოვა უდიდესი ბედნიერებით, მქონოდა რეგულარული შეხება მის უწმინდესობასთან 25 წლის განმავლობაში. ეს პერიოდი გახლავთ ყველაზე ბედნიერი დრო ჩემს სიცოცხლეში. მე მქონდა საშუალება, პატრიარქთან სისტემატური შეხვედრების, რომლის დროსაც ჩვენ ვსაუბრობდით ჩემი პროფესიის – რეპროდუქტოლოგიის თემებზე.

მიმაჩნია, რომ ქართული რეპროდუქტოლოგიის „ნახტომი“ – ნულიდან მსოფლიო აღიარებამდე, არის არა მარტო ი. ჟორდანიას ინსტიტუტის თანამშრომლების დამსახურება, არამედ აქ უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევის მადლს.

დიდი მადლობა თქვენ, ჩვენო საყვარელო სულიერო მამავ, რეპროდუქტოლოგთა მრევლისგან. ღმერთი იყოს თქვენი უწმინდესი სულის მფარველი იმიერ სამყაროში.

გვიყვარხართ, ვგლოვობთ და მუდამ ჩვენთან იქნებით, ჩვენო უნეტარესო სულიერო მამავ!“

რეპროდუქტოლოგთა მრევლის სახელით,

არჩილ ხომასურიძე

ფოტოზე: ბატონი არჩილი პატრიარქთან ერთად.