მენსტრუაციული ციკლი

მენსტრუაციული ციკლი არის პერიოდი ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან მომდევნო მენსტრუაციის პირველ დღემდე, რაც გრძელდება 21-35 დღე, საშუალოდ – 28 დღე და ეს მაჩვენებელი ინდივიდუალურია. ამ პერიოდში ქალის ორგანიზმში მიმიდინარეობს მნიშვნელოვანი ჰორმონული ცვლილებები.

მენსტრუაციული ციკლის რეგულაციაში მონაწილეობენ თავის ტვინის უმაღლესი ცენტრები – ჰიპოთალამუსი, ჰიპოფიზი. ჰიპოთალამუსში გამომუშავდება ე,წ, რილიზინგ ჰორმონები, ჰიპოფიზში – გონადოტროპინები – ფმჰ, ლჰ. ისინი საკვერცხეებში წარმართავენ ფოლიკულების მომწიფებას. მენსტრუაციული ციკლი იყოფა ორ ფაზად, რომელთა შორის პირობით საზღარს წარმოადგენს ოვულაცია – ანუ მომწიფებული ფოლიკულის გასკდომა. პირველ ფაზაში ხდება ფოლიკულის მომწიფება, შემდეგ არის ოვულაცია, რაც არის მნიშვნელოვანი მომენტი ორსულობისთვის. ოვულაციის მომენტში გამოყოფილი კვერცხუჯრედი ცოცხლობს მხოლოდ 24 საათი, სპერმატოზოიდი 5-7 დღემდე. შესაბამისად, დაორსულება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სქესობრივი კონტაქტი არის ოვულაციამდე ან ოვულაციის მომენტში. განაყოფიერება ხდება საშვილოსნოს მილში. მეორე ფაზაში გამსკდარი ფოლიკულის ადგილზე ვითარდება ყვითელი სხეული, რომელიც გამოიმუშავებს ჰორმონს პროგესტერონს. პროგესტერონი კი ხელს უწყობს ორსულობის შენარჩუნებას. ამდენად, ქალებში, შესაძლებელია ოვულაციის, ანუ ორსულობისთვის ხელსაყრელი დღეების დადგენა (რისთვისაც გამოიყენება ოვულაციის ტესტები და ფოლიკულის ექომონიტორინგი, ასევე, საკმაოდ ინფორმაციულია ბაზალური თერმომეტრია). აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელია ორსულობის დაგეგმვა.
მენსტრუაციული ციკლის დარღვევებს მიეკუთვნება:

  • ხშირი მენსტრუაცია (ტაქიმენორეა) – მენსტრუაციული ციკლის ხანგრძლივობა <21 დღეზე;
  • იშვიათი მენსტრუაცია- მენსტრუაციის გადაცდენები (ოლიგომენორეა) – მენსტრუაციული ციკლის ხანგრძლივობა >35 დღეზე;
  • მენსტრუაციის გახანგრძლივება (მენომეტრორაგია);
  • სისხლიანი ან ყავისფერი გამონადენი მენსტრუაციათა შორის პერიოდში (მეტრორაგია);
  • მტკივნეული მენსტრუაცია (დისმენორეა)
  • ყავისფერი ჩამონაშალი მენსტრუაციამდე ან/და მენსტრუაციის შემდეგ.

ჩამოთვლილთაგან თითოეული, ასევე, ისეთი სიმპტომი, რომელიც ზოგჯერ საზოგადოებაში შეცდომით მიჩნეულია ნორმად, თუმცა არის დარღვევა, შესაძლოა მიანიშნებდეს გარკვეულ დაავადებაზე, რაც ხშირად ხდება ხელის შემშლელი ორსულობისთვის. ასეთი შემთხვევებისთვის აუცილებელია, პირველ რიგში, დარღვევის გამოვლენა, კონკრეტული კვლევის ჩატარება და შემდეგ მკურნალობის შერჩევა საჭიროების მიხედვით.

Leave a Reply