ჩვენს შესახებ

არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტმა აღნიშნული სახელით ფუნქციონირება დაიწყო 2014 წლის 14 იანვარს. იგი შეიქმნა ჟორდანიას ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომლების მიერ. ახალი ინსტიტუტის დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი არის პროფესორი არჩილ ხომასურიძე, საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის პრეზიდენტი, ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიისა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი, რეპროდუქტოლოგთა საერთაშორისო აკადემიის წევრი, ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, საბუნებისმეტყველო, მედიკო-ბიოლოგიური და სამედიცინო-სოციალურ მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი. მის სახელს უკავშირდება ქართულ მედიცინაში არაერთი პროგრესული წამოწყება – კონტრაცეპციის, ლაპაროსკოპიული ოპერაციების, ‘ინ-ვიტრო’ განაყოფიერების ტექნოლოგიების დანერგვა და მრავალი სხვა.

იგი გახლავთ საქართველოში რეპროდუქტოლოგიის დარგის ფუძემდებელი. პროფესორ არჩილ ხომასურიძის და მისი თანამებრძოლების ძალისხმევით, 1997 წლიდან საქართველო გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც რეპროდუქტოლოგია ოფიციალურად ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სამედიცინო დისციპლინად. ქვეყნის მასშტაბით შეიქმნა რეპროდუქციული სამსახურის ქსელი, დაიწყო ექიმებისა და სამედიცინო დაწესებულებების სერტიფიცირება და ლიცენზირება რეპროდუქტოლოგიაში. შეიქმნა და მუშაობა დაიწყო დისერტაციების დაცვის პირველმა სპეციალიზებულმა საბჭომ რეპროდუქტოლოგიაში, დაიწყო ჟურნალ ‘რეპროდუქტოლოგიის’ გამოცემა. დაარსდა ისტორიაში პირველი რეპროდუქტოლოგიური კათედრა, რომელსაც დაარსების დღიდან ხელმძღვანელობს პროფ. ა. ხომასურიძე. მისი ხელმძღვანელობით დაცული იქნა 16 სადოქტორო, 94 საკანდიდატო დისერტაცია, გამოქვეყნდა 2000-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მომზადდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა და სხვა მრავალი. 1996 წლიდან ა. ხომასურიძე და მისი გუნდი რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) პროექტების ძირითადი შემსრულებელი იყო. პროფ. არჩილ ხომასურიძე იყო 1984-2012 წლებში იოსებ ჟორდანიას სახ. ს/კ ინსტიტუტის გენერალური დირექტორი.

პროფ. არჩილ ხომასურიძის და მისი თანამებრძოლების მიერ დაგეგმილი და მათი უშუალო მონაწილეობით განხორციელებული ღონისძიებების შედეგები ქვეყანაში დემოგრაფიული სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით აისახა.

ბოლო წლებში ქვეყანაში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, მათ შორის, მედიცინაზე კომერციალიზაციის უარყოფითმა გავლენამ, განაპირობა ახალი რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის გახსნის აუცილებლობა, რომელიც ამჟამად აგრძელებს იოსებ ჟორდანიას დაწყებულ საქმეს და მის იდეოლოგიას არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის სახელით ახალ მისამართზე.

ინსტიტუტი დაკომპლექტებულია ინტელექტუალური გუნდით, რომელსაც აქვს 55 წლიანი შეუფასებელი გამოცდილება გინეკოლოგიურ ენდოკრინოლოგიასა და უშვილობის მკურნალობაში.

საქმიანობას აგრძელებენ ცნობილი ექიმები, რეპროდუქტოლოგ-გინეკოლოგები, მედიცინის აკადემიური დოქტორები:  ლალი ფხალაძე, თინათინ ფირცხალავა, ნინო რაჟამაშვილი, ნინო დათოშვილი, ვივი ბიბილაშვილი, ნინო დავიდოვა, თამარ დიაკონიძე, ნატალია რუსაკოვა, მარიამ თოფურია, ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგები – ნანა ჩოფიკაშვილი, ნანა მინდელი, სალომე საბულუა, უროლოგ-ანდროლოგი გიორგი ნადარეიშვილი, მამოლოგები – ირინე მარღანია, რევაზ ციციშვილი, თერაპევტი – ქეთევან ჯაფარიძე.

ლაბორატორიულ სამსახურს ხელმძღვანელობს მედ. აკად. დოქტორი ნანა კვაშილავა, 2007-2013 წლებში- ჟორდანიას ინსტიტუტის ჰორმონული ლაბორატორიის გამგე, რომელიც თავის თანამშრომლებთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობითა და მაღალი პროფესიონალიზმით აგრძელებს საქმიანობას ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში. ტარდება სრული ჰორმონული, ბიოქიმიური, ვირუსოლოგიური, კლინიკური, ჰემოსტაზიოლოგიური, იმულოგიური კვლევა, ზოგიერთი გენეტიკური კვლევა, თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მეთოდებით.

ინსტიტუტის რადიოლოგიურ სამსახურს ხელმძღვანელობს ექიმი – რადიოლოგი, გინეკოლოგი, ფიზიოთერაპევტი, მედ. აკად. დოქტორი ნინო დათოშვილი. ტარდება სრული ექოსკოპიური გამოკვლევები – სასქესო ორგანოები, მუცლის ღრუ, საშარდე სისტემა, ფარისებრი ჯირკვალი, სარძევე ჯირკვალი, თირკმელზედა ჯირკვალი. საშვილოსნოს და საშვილოსნოს მილების ანატომიური და ფუნქციური მდგომარეობის დადგენა ხდება რენტგენოლოგიური, ულტრასონოგრაფიული მეთოდით. ჩვენს ინსტიტუტში აქტიურად გამოიყენება ფიზიოპროცედურები და თერაპიული ლაზერი საშვილოსნოს, საშვილოსნოს მილების, საკვერცხეების ქრონიკული ანთებითი პროცესების, საკვერცხეების ჰიპოფუნქციის და ენდომეტრიუმის უკმარისობის, ასევე სხვადასხვა უროლოგიური დაავადებების დროს, როგორც მკურნალობის ეფექტური დამხმარე მეთოდი.

ინსტიტუტი გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა – გინეკოლოგიის დეპარტამენტის კლინიკური ბაზა, სადაც მიმდინარეობს სტუდენტთა თეორიული და პრაქტიკული სწავლება. აგრეთვე, მხოლოდ ჩვენთან ხორციელდება რეზიდენტურის პროგრამა რეპროდუქტოლოგიაში – სრული კურსი (3 წელი) და შემოკლებული კურსი (1.5 წელი) მეან – გინეკოლოგების გადასამზადებლად.

ინსტიტუტის თანამშრომლები არიან ევროპის მეან- გინეკოლოგთა საზოგადოების, გინეკოლოგ- ენდოკრინოლოგათა საერთაშორისო ასოციაციის, ნაყოფიერების და უნაყოფობის საერთაშორისო საზოგადოების, ევროპის რეპროდუქციული ჯანმრთელობის და ემბრიოლოგთა ასოციაციის წევრები. რეგულარულად მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებში, მათ შორის მომხსენებლის რანგში.

 

არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: უპირველესად პაციენტების ინტერესების დაცვა, პროფესიონალიზმი, გულისხმიერება, კეთილსინდისიერება და პატიოსნება. მისი პრიორიტეტია ექიმთა ღირსეული მომავალი თაობების აღზრდა.

 

არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი აგრძელებს საქმიანობას მსოფლიო მედიცინის თანამედროვე მიღწევების კვალდაკვალ თქვენი ჯანმრთელობისა და თქვენი ოჯახების ბედნიერი მომავლისათვის.