საიტი იმყოფება დამუშავების სტადიაში!
  ჩვენი ინსტიტუტი   |   ჩვენი ექიმები   |   ჩვენი სერვისები   |   კონტაქტი GEO   |   ENG   |   RUS        
 
 

 
მისამართი:
თბილისი, 0112,
თევდორე მღვდლის 13,
VII სართული,
ტელ.: (+995 32) 224 00 99
           (+995 32) 224 00 98
           (+995 32) 224 00 64
ელ.ფოსტა:
info@reproinstitute.ge

დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ ბმულს და დაგვიმეგობრდით ფეისბუქზე:
www.fb/reproinstitute.ge

 
 
 
 
 

.

არჩილ ხომასურიძის
რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი

არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტმა აღნიშნული სახელით ფუნქციონირება დაიწყო 2014 წლის 14 იანვარს. იგი შეიქმნა ჟორდანიას ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომლების მიერ. ახალი ინსტიტუტის დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი არის პროფესორი არჩილ ხომასურიძე, საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის პრეზიდენტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიისა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი, რეპროდუქტოლოგთა საერთაშორისო აკადემიის წევრი, საბუნებისმეტყველო, მედიკო-ბიოლოგიური და სამედიცინო-სოციალურ მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი.

მის სახელს უკავშირდება ქართულ მედიცინაში არაერთი პროგრესული წამოწყება - კონტრაცეპციის, ლაპაროსკოპიული, "ინ-ვიტრო" განაყოფიერების ტექნოლოგიების დანერგვა და მრავალი სხვა.

იგი გახლავთ საქართველოში რეპროდუქტოლოგიის დარგის ფუძემდებელი. პროფესორ არჩილ ხომასურიძის და მისი თანამებრძოლების ძალისხმევით, 1997 წლიდან საქართველო გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც რეპროდუქტოლოგია ოფიციალურად ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სამედიცინო დისციპლინად. ქვეყნის მასშტაბით შეიქმნა რეპროდუქციული სამსახურის ქსელი, დაიწყო ექიმებისა და სამედიცინო დაწესებულებების სერტიფიცირება და ლიცენზირება რეპროდუქტოლოგიაში. შეიქმნა და მუშაობა დაიწყო დისერტაციების დაცვის პირველმა სპეციალიზებულმა საბჭომ რეპროდუქტოლოგიაში, დაიწყო ჟურნალ "რეპროდუქტოლოგიის" გამოცემა. დაარსდა ისტორიაში პირველი რეპროდუქტოლოგიური კათედრა, რომელსაც დაარსების დღიდან ხელმძღვანელობს პროფ. ა. ხომასურიძე. მისი ხელმძღვანელობით დაცული იქნა 16 სადოქტორო, 94 საკანდიდატო დისერტაცია, გამოქვეყნდა 2000-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მომზადდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა და სხვა მრავალი. 1996 წლიდან ა. ხომასურიძე და მისი გუნდი რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) პროექტების ძირითადი შემსრულებელი იყო. პროფ. არჩილ ხომასურიძე იყო 1984-2012 წლებში იოსებ ჟორდანიას სახ. ს/კ ინსტიტუტის გენერალური დირექტორი.

პროფ. არჩილ ხომასურიძის და მისი თანამებრძოლების მიერ დაგეგმილი და მათი უშუალო მონაწილეობით განხორციელებული ღონისძიებების შედეგები ქვეყანაში დემოგრაფიული სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით აისახა.

ბოლო წლებში ქვეყანაში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, მათ შორის, მედიცინაზე კომერციალიზაციის უარყოფითმა გავლენამ, განაპირობა ახალი რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის გახსნის აუცილებლობა, რომელიც ამჟამად აგრძელებს იოსებ ჟორდანიას დაწყებულ საქმეს და მის იდეოლოგიას არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის სახელით ახალ მისამართზე.

ინსტიტუტი დაკომპლექტებულია ინტელექტუალური გუნდით, რომელსაც აქვს 55 წლიანი შეუფასებელი გამოცდილება გინეკოლოგიურ ენდოკრინოლოგიასა და უშვილობის მკურნალობაში. საქმიანობას აგრძელებენ ცნობილი ექიმები, რეპროდუქტოლოგ-გინეკოლოგები, მედიცინის აკადემიური დოქტორები: ლიდა ფხალაძე, ლალი ფხალაძე, თინათინ ფირცხალავა, ნინო რაჟამაშვილი, ნინო დათოშვილი, ლუდა ბარბაქაძე, თამარ დიაკონიძე, მამოლოგი- რევაზ ციციშვილი, უროლოგ-ანდროლოგები გიორგი ნადარეიშვილი, ალექსანდრე ხელაია, სექსოლოგი- პროფ. ზურაბ მარშანია, ემბრიოლოგი- თინათინ სუპატაშვილი და სხვები.

ლაბორატორიულ სამსახურს ხელმძღვანელობს მედ. აკად. დოქტორი ნანა კვაშილავა, 2007-2013 წლებში- ჟორდანიას ინსტიტუტის ჰორმონული ლაბორატორიის გამგე, რომელიც თავის თანამშრომლებთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობითა და მაღალი პროფესიონალიზმით აგრძელებს საქმიანობას ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში. ტარდება სრული ჰორმონული, ბიოქიმიური, ვირუსოლოგიური, კლინიკური, ჰემოსტაზიოლოგიური, იმულოგიური კვლევა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მეთოდებით.

არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ქალისა და მამაკაცის უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ორსულობის ვადამდე მიუტანლობა, გინეკოლოგიურ - ენდოკრინოლოგიური დარღვევები რეპროდუქციული ასაკის ქალებსა და მოზარდ გოგონებში, კლიმაქტერული სინდრომის მართვა, გინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ჰემოსტაზის დარღვევების - თანდაყოლილი თრომბოფილიის, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. მიმდინარეობს სხავადასხვა სახის სექსუალური დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეპროდუქციული ორგანოების სიმსივნეების ადრეულ გამოვლინებას და პროფილაქტიკას, მათ შორის სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების -მასტოპათიის, ფიბროადენომის დიაგნოსტიკას და მკურნალობას. ინსტიტუტში მუშაობას აგრძელებს ცნობილი მამოლოგი - მედ. აკად. დოქტორი რევაზ ციციშვილი, რომელიც წლების განმავლობაში ჟორდანიას ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა მამოლოგიურ სამსახურს. საშვილოსნოს ყელის დაავადებების დიაგნოსტიკა ხორციელდება კოლპოსკოპიის და პაპ- ტესტის საშულებით.

კლინიკაში ტარდება მამაკაცის შარდ - სასქესო ორგანოების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების, ენდოკრინული დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. წარმოებს სპერმის გამოკვლევა რეპროდუქციული ფუნქციის შესაფასებლად, 40 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებში - PSA და fPSA ონკოლოგიური რისკების განსაზღვრის მიზნით. მამაკაცებში აზოოსპერმიის დროს ტარდება ოპერაციული მკურნალობა - ტესტიკულებიდან სპერმატოზოიდების ექსტრაქცია (TESE), შემდგომ ინ - ვიტრო განაყოფიერება.

მიმდინარეობს ხელოვნური განაყოფიერებისთვის პაციენტების სათანადო მომზადება და შემდგომი პროცედურების შესრულება, ხელოვნური ინსემინაცია, საჭიროების შემთხვევაში დონორის გამოყენება. ტარდება რეპროდუქციული მასალის კრიოპრეზერვაცია - სპერმის გაყინვა პაციენტებში ონკოლოგიური და სხვა დაავადებების დროს მკურნალობის დაწყებამდე, შვილოსნობის გადავადების შემთხვევაში. ტარდება ტესტი წყვილთა შეუთავსებლობაზე უშვილობის იმუნოლოგიური და ცერვიკალური ფაქტორების დასადგენად, გამოკვლევა ანტისპერმულ ანტისხეულებზე.

ინსტიტუტის რადიოლოგიურ სამსახურს ხელმძღვანელობს ექიმი - რადიოლოგი, გინეკოლოგი, ფიზიოთერაპევტი, მედ. აკად. დოქტორი ნინო დათოშვილი. ტარდება სრული ექოსკოპიური გამოკვლევები - სასქესო ორგანოები, მუცლის ღრუ, საშარდე სისტემა, ფარისებრი ჯირკვალი, სარძევე ჯირკვალი, თირკმელზედა ჯირკვალი. საშვილოსნოს და საშვილოსნოს მილების ანატომიური და ფუნქციური მდგომარეობის დადგენა ხდება რენტგენოლოგიური, ულტრასონოგრაფიული, კომპიუტერული კიმოპერტუბაციის მეთოდით. ჩვენს ინსტიტუტში აქტიურად გამოიყენება ფიზიოპროცედურები და თერაპიული ლაზერი საშვილოსნოს, საშვილოსნოს მილების, საკვერცხეების ქრონიკული ანთებითი პროცესების, ასევე საკვერცხეების ჰიპოფუნქციის და ენდომეტრიუმის უკმარისობის დროს, როგორც მკურნალობის ეფექტური დამხმარე მეთოდი.

ინსტიტუტი გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედი-ცინის ფაკულტეტის რეპრო-დუქტოლოგიისა და მეანობა - გინეკოლოგიის დეპარტამენტის კლინიკური ბაზა, სადაც მიმდინარეობს სტუდენტთა თეორიული და პრაქტიკული სწავლება. აგრეთვე, მხოლოდ ჩვენთან ხორციელდება რეზიდენტურის პროგრამა რეპროდუქტოლოგიაში - სრული კურსი (3 წელი) და შემოკლებული კურსი (1.5 წელი) მეან - გინეკოლოგების გადასამზადებლად.

ინსტიტუტის თანამშრომლები არიან ევროპის მეან- გინეკოლოგთა საზოგადოების, გინეკოლოგ- ენდოკრინოლოგათა საერთაშორისო ასოციაციის, ნაყოფიერების და უნაყოფობის საერთაშორისო საზოგადოების, ევროპის რეპროდუქციული ჯანმრთელობის და ემბრიოლოგთა ასოციაციის წევრები. რეგულარულად მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებში, მათ შორის მომხსენებლის რანგში.

არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: უპირველესად პაციენტების ინტერესების დაცვა, პროფესიონალიზმი, გულისხმიერება, კეთილსინდისიერება და პატიოსნება. მისი პრიორიტეტია ექიმთა ღირსეული მომავალი თაობების აღზრდა.

არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი აგრძელებს საქმიანობას მსოფლიო მედიცინის თანამედროვე მიღწევების კვალდაკვალ თქვენი ჯანმრთელობისა და თქვენი ოჯახების ბედნიერი მომავლისათვის.

არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის ვებგვერდი ©